თანამედროვე ქართული პროზის ანთოლოგია. მთარგმნელი და რედაქტორი ელიზაბეტ ჰეივეი
04/07/2012

გამოხმაურება "თანამედროვე ქართული პროზის ანთოლოგიის" შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ "The Independent"-ის ვებ-გვერდზე.



ცოტა ხნის წინ ერთ პრეზენტაციას დავესწარი. მთავარი თემა უცხოელების მიერ დანახული და აღქმული საქართველო იყო. როგორც წესი, პირველი რაც ამ დროს გვახსენდება ღვინო, ქართული სუფრები, ომი, სტუმართმოყვარეობა და სტალინია. სწორედ ეს იციან, ან ჰგონიათ რომ იციან დიდ ბრიტანეთში ამ ქვეყნის შესახებ. გამომცემლობა Dalkey Archive Press-ი თანამედროვე ქართული პროზის ანთოლოგიის გამოცემით, სადაც ოცი ცნობილი თანამედროვე ქართველი ავტორია გაერთიანებული, შეეცადა გაეფართოვებინა ჩვენი წარმოდგენები საქართველოს შესახებ. ქართველები ამაყობენ თავიანთი ლიტერატურით, მაგრამ რამდენი ქართველი მწერალი შეგვიძლია დავასახელოთ?

დიახ, კერძები და (განსაკუთრებით) ღვინო ქმნის ხალხის ხასიათს. სტალინის სახელი სამ მოთხრობაში გვხვდება. აქ არის მეზობელ რუსებთან დაძაბულობაც და თვით „პერესტროიკაც“. თუმცა ამ მოთხრობების ყველაზე საინტერესო მხარე სწორედ მაშინ ჩანს, როდესაც ეს სტერეოტიპები ყველაზე ნაკლებად არის წარმოდგენილი. ხომ დაუჯერებელია, რომ ბრიტანული მოთხრობების ანთოლოგიის ნაწარმოებების სიუჟეტები მხოლოდ რუტმასტერის წითელი ავტობუსებისა და ჩერჩილის გარშემო ვითარდებოდეს.

სტილისტურად მოთხრობები ისე განსხვავებულია ერთმანეთისგან, როგორც ნებისმიერი საჩვენებელი კოლექცია - პირველი პირი, მესამე პირი, პირველი სექსუალური გამოცდილებაც კი (მაკა მიქელაძის მოთხრობაში) უსქესო მეორე პირის მიერაა მოთხრობილი. ზოგ შემთხვევაში მოთხრობები მოკლე და ლაკონურია - სიუჟეტი ერთ პატარა ოთახში ვითარდება და დავით დეფის მოთხრობაში ამბავი დანაშაულის გრძნობით შეპყრობილი სკამის მიერ არის მოთხრობილი. სხვები უფრო დიდი და ქაოტურია და დასავლური კულტურის ტემპს და რიტმს აყოლილი: აქ ვხვდებით სერჯიო ლეონეს, რობერტ დე ნიროსა და რემბოს.

ზაზა ბურჭულაძის მოთხრობაში ჩანს ჰეროინისადმი ძლიერი ლტოლვა - ეპიზოდები თითქოს ფილმის კადრებია, სადაც ძლიერი ხმა თეოლოგიაში იძირება. ზაალ სამადაშვილი კი გვიყვება სევდიან ამბავს წიგნების გაყიდვის და თვითგადარჩენის შესახებ. ზოგიერთი მოთხრობა ცოტა სევდიანია, სენტიმენტალური და თითქმის ნოსტალგიურიც კი, ზოგი მკვეთრი და ცინიკური. სწორხაზოვანი და მოძველებული ამბები პოსტმოდერნისტული ქაოსის გვერდით გვხვდება, ხოლო სიკეთე სისასტიკის პარალელურად არის წარმოდგენილი.

უჩვეულოა ამ ტიპის ანთოლოგიისთვის ისიც, რომ ოცივე მოთხრობა ერთი მთარგმნელის მიერ არის ნათარგმნი. მოთხრობების მრავალფეროვნებამ საშუალება მისცა ელისაბეტ ჰეივეის ოცი განსხვავებული ხმა დაემუშავებინა; ოცი განსხვავებული ხმა - ცოცხალი, თანამედროვე და ძველიც, უმეტეს წილად მითიურიც.


დანიელ ჰანი, The Independent (03 ივლისი, 2012)