ოთარ ჭილაძე
20/03/2014

საქართველო იყო მისი ინსტინქტი (ბესიკ ხარანაული)

სულ საქართველო ჰქონდა გულში: ახალგაზრდობაში ახალგაზრდას, ცნობილობაში ცნობილს და გამოჩენილობაში გამოჩენილს. სულ კრიჭაში ედგა საქართველოს მტრებს, ვერაფრით უგებდნენ გულს: აკი სამართებელივით პროფილი ჰქონდა! სინამდვილემ არათუ ვერ გატეხა, ოდნავადაც ვერ მოიშინაურა.

მახსოვს, დაბადების 75 წლისთავი რომ მივულოცე, მხიარულად ვკითხე: ოთარ, ხომ კარგი ასაკია შემოქმედებისთვის ჩვენი ასაკი? ოთარი ხალისიანად დამეთანხმა...

“ქართულმა მწერლობამ დიდი დანაკლისი განიცადა” იტყვიან ხოლმე, როცა ამქვეყნიდან მიდის ოთარის დარი დიდი ადამიანი. სწორედაც იტყვიან. მაგრამ მე, ამასთან ერთად, ახლობელი, საყვარელი ადამიანი დავკარგე და ვკითხულობ: ნუთუ?


მშვიდობით, ძია ოთარ! (გიგი სულაკაური)

დიდი ადამიანები არ ხმაურობენ. მათ იციან სიჩუმის ფასი და რომ ეს სიჩუმე ხილული და ხელშესახებია, როგორც ტაძარი, მთა, როგორც ბუნება.

ახლა მე სუბიექტური ვარ და სხვანაირად არც შემიძლია,
ძალიან მტკივა გული. სილამაზისთვის არ ვამბობ ამას, არც სენტიმენტალური ვარ, რას გამოველი?! გარდაიცვალა ოთარ ჭილაძე პლანეტა დედამიწის მოქალაქე!

თანაც სიტყვებსაც ვეღარ ვპოულობ
ვერც ნუგეშის, ვერც სიყვარულის და ვერც ტკივილის გამოსახატავად. ანდა როგორ ვანუგეშო ქალბატონი თინა, თაკო და ზაზა, ძია თამაზი... სიცარიელე ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდება ხოლმე...

ძველ ამბავს გავიხსენებ: როგორღაც არჩილს ვკითხე, შენი აზრით, ახლა ჩვენთან ყველაზე დიდი პოეტი ვინ არის-მეთქი (სამოციანი წლები იწურებოდა და ოთარ ჭილაძეს ჯერ არ ჰქონდა რომანები გამოქვეყნებული).
ოთარი! დაუფიქრებლად მიპასუხა, ახლა ყველაზე მაგარი ოთარია...

ერთმა ბრძენმა თქვა, დიდი ადამიანები ყოველთვის დროზე ადრე მიდიანო. დროზე ადრე წავიდა ჩვენგან ოთარ ჭილაძე. მე კი გულუბრყვილოდ, ბავშვურად მეგონა, რომ ეს არასდროს მოხდებოდა, სულ ძველებურად იქნებოდა ყველაფერი. ბავშვურად-მეთქი ვთქვი, რადგან ვერც მამის, ვერც მეგობრების წასვლით ჭკუა ვერ ვისწავლე და ალბათ ვერასდროს ვისწავლი... არ მინდა...

არაფერი არ შემიძლია, დაბნეული და ჩვილივით უმწეო ვარ. მხოლოდ მადლობის თქმა მინდა, ყოველთვის მინდოდა და ვერ მოვახერხე, ვერ მოვასწარი. დიდი მადლობა, ძია ოთარ, იმისთვის, რაც - ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე მხოლოდ მე მაჩუქე... საქართველოს აჩუქე, პლანეტას აჩუქე. დიდი მადლობა! მშვიდობით!

დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად ახლობელი...(მიხო მოსულიშვილი)

„ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ, თუკი, როგორმე, წარსულში შებრუნება შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. განა სულ ამას არ ნატრობს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!“ (ოთარ ჭილაძე, „მარტის მამალი“.)

ურუქი – დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად მოახლოებული ჩვენთან, მოახლოებული ამ კაცის მიერ, ვისაც დევებით სავსე ქუდი ეხურა...ასეთად ვხედავდი მაშინაც, როცა ინტერვიუსთვის შინ მივუტანე შეკითხვები და კიდევ ერთხელ ვილაპარაკეთ...

ტელ ასმარის გორაკის მლოცველთა სკულპტურებს მაგონებენ თქვენი პერსონაჟები მეთქი და, გადაჭარბებული შეფასებაა ჩემი შემოქმედებისაო. მე არ მეჩვენებოდა გადაჭარბებული, არც ახლა მეჩვენება..."ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" – აი, ამ რომანში გააცოცხლა და გაიხსენა ურუქი – დიდი შუმერების დიდი ქალაქი და მანამდე კიდევ ათას ცხრაას სამოცდაორ წელს დაწერილ პოემაში – "თიხის სამი ფირფიტა". ყველა შეკითხვაზე მითხრა თავისი პასუხები, მარტო მე მომიყვა, თუ რას და როგორ ფიქრობდა, მერე თავისი ახლადგამოსული "მარტის მამალი" მისახსოვრა ძვირფასი წარწერით და ისე გამომისტუმრა თავისი სენაკიდან, თუკი სენაკს დავარქმევთ ხილიანზე მდებარე კორპუსის ერთერთ ოთახს...

ფრანგულად გამოცემული "რკინის თეატრიც" მაშინ ვნახე. გერმანულადაც რომ ჰქონდათ ნათარგმნი მისი ნაწარმოებები, ვიცოდი უკვე. ნობელზე კიდევ ერთხელ რომ იყო წარდგენილი, ესეც ხომ ვიცოდი და,
ნეტავ, აიღოს მეთქი, ჩუმად ვნატრობდი...იქიდან რომ მოვდიოდი, ვერ ვხვდებოდი, მწყენოდა თუ გამხარებოდა, მხოლოდ მე რომ მიპასუხა შეკითვებზე...ვერც ახლა ვხვდები... მე მხოლოდ ის ვიცი, სწორედ ტელ ასმარის გორაკის მლოცველებივით სდარაჯობენ თავიანთ გამოცანას ოთარ ჭილაძის პერსონაჟები, იმიტომ სდარაჯობენ, რომ ვერც ერთმა ზერელემ და ზედაპირულმა ვერ შეაღწიოს ავტორის სამყაროში, ჩვენი გრძნობებით შექმნილ ლაბირინთებში და ვინც კი იმ ლაბირინთების მოვლას შეიძლებს, ყველა აამაღლოს, ამ ცხოვრების მადლი თუ ტკივილი დაანახვოს და მიახვედროს, რომ "რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე, ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ".

ოთარ ჭილაძე დიდი მთაწმინდელი იყო სიცოცხლეშივე, ანუ მარადისობის მკვიდრი გახლდათ და აკი დავადასტურეთ კიდევაც, მთაწმინდაზე რომ მივუჩინეთ განსასვენებელი. არადა, რამხელა ბედნიერება იყო, ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობდა და ქმნიდა თავის უკვდავ შემოქმედებას...

"თუკი ურუქი უნდა დაინგრეს, მეც დავინგრევი ურუქთან ერთად. მე მირჩევნია, გულზე მეყაროს და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები" – ეს "თიხის სამი ფირფიტიდან" არის და რუსეთის გამძვინვარებული არმია რომ მოიწევდა თბილისისკენ გასულ წელს, მაშინ გამახსენდა და ახლაც ამას ვიტყვი ხოლმე ჩემთვის, მორიგ ქიმუნჯს რომ გვითავაზებს ხოლმე რუსი და, სრული და საბოლოო ოკუპაციით დაგვემუქრება...ურუქი – დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად მოახლოებული ჩვენთან, მოახლოებული ამ კაცის მიერ, ვისაც დევებით სავსე ქუდი ეხურა...თავადაც ასეთი იყო – დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად ახლობელი...


საერთო საქმე (შოთა იათაშვილი)
ბევრი არაა, ანუ უფრო სწორად, ძალიან ცოტაა ისეთი მწერალი, მთელი ცხოვრება რომ მოგყვება ცხოვრების გზაზე. ზოგი უცებ საოცრად დიდ ზემოქმედებას ახდენს, მაგრამ მერე თითქოს სადღაც ქრება. ზოგი უჩუმრად თანაარსებობს შენთან, ისე, რომ თითქმის ვერ ამჩნევ ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში მის გარეშე არსებობა არ შეგიძლია. ზოგისას რაღაცას წაიკითხავ და ეს გაკმაყოფილებს, მის სხვა ტექსტებს აღარც ეტანები. აი, ოთარ ჭილაძე კი სწორედ ის მწერალი იყო ჩემთვის, რომელმაც საოცრად დიდ ზემოქმედებაც მოახდინა, უჩუმრადაც თანაარსებობდა ჩემთან და მგონი მისი დაწერილი თითქმის ყველა სიტყვაც წავიკითხე.

უფროსკლასელი ვიყავი, ბიძაჩემმა, მწერალმა ილია რურუამ დაბადების დღეზე მისი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ რომ მაჩუქა და მას მერე ვანის საოცარი სამყარო გონებიდან არ ამომშლია. იწერებოდა ახალი რომანები და მეც ჯიუტად ვაგრძელებდი მათ კითხვას. ისიც მახსოვს, მარჯანიშვილზე, წიგნის მაღაზიაში უცებ მისი ლექსების კრებულს რომ გადავაწყდი და განცვიფრებული დავყურებდი: ეს ის ოთარ ჭილაძეა, რომანებს რომ წერს-მეთქი? მერე ეს ლექსებიც ჩემი გახდა. აი, იმას კი რას წარმოვიდგენდი, რომ თავის ბოლო რომანს ეს იდუმალი კაცი თავად მაჩუქებდა ასეთი წარწერით: „ჩემო შოთა, გისურვებ დიდ წარმატებებს ჩვენს საერთო საქმეში! მეგობრულად ოთარ ჭილაძე. 2003წ.“

იმ დღეს კი დაახლოებით დილის 5 საათი იყო, დასაძინებლად რომ დავწექი და უცებ რაღაცნაირმა სევდამ შემიპყრო. ზაზა თვარაძე ისედაც ხშირად მახსენდება ხოლმე, მაგრამ ნუგზარ შატაიძე გამახსენდა, ვახუშტი კოტეტიშვილი... მათი სახეები დამიდგა თვალწინ, მათი ხმა ჩამესმა, მახსენდებოდა როგორები იყვნენ, როგორ იქცეოდნენ, როგორ გესალმებოდნენ, როგორ იღიმოდნენ, როგორ წერდნენ... მათი წასვლით დატოვებული ცარიელი სივრცეების (ადამიანურის თუ წმინდად ლიტერატურულის) ძლიერი სევდა იყო ეს. ამ სევდით ჩამეძინა... გვიან გავიღვიძე, კომპიუტერი ჩავრთე და... ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა... მერე გავიგე, რომ გამთენიისას გარდაცვლილა, სწორედ მაშინ, უცნაური და იშვიათი ლიტერატურული სევდა რომ მომეძალა...

სამყაროების ნამდვილი შემქმნელი (აკა მორჩილაძე)

წიგნი ისეთი რამეა, რომ მის კვალს სრულიად მოულოდნელ ადგილას გადააწყდები.

ერთხელ სკოლის ბიჭი ვიყავი და დიდი კაცების გაქანებულ ქეიფში მოვხვდი სრულიად შემთხვევით. იქ დიდი ძველებური სმა იყო გახურებული, შამპანურს სულ დიდი ჭიქებით სვამდნენ, როგორც იმ დროში იცოდნენ ხოლმე. ჰოდა მთელი იმ ამბიდან ერთი რამ დამამახსოვრდა ყველაზე კარგად. ერთი მოსული კაცი, როგორც კი სუფრის წამიერი სიჩუმე ჩამოვარდებოდა, მოავლებდა ხელს თავის ჭიქას და იტყოდა დარდიანად: შავთვალება მალალოს გაუმარჯოს.

არ ვიცოდი, ვინ იყო შავთვალება მალალო. როგორც გაირკვა ეს სახელი სამუდამოდ დამამახსოვრდა.

ეგ კიდევ არაფერი. წლების განმავლობაში შავთვალება მალალომ ჩემს წარმოსახვაში სრულიად ცხადი იერი შეიძინა. არ ვიცოდი, ვინ იყო, რა იყო, როგორი იყო, მაგრამ ქალი რომ იყო, ამას კი მივხვდი. მგონი, ეს საკმარისი იყო.

მერე, რომ წამოვიზარდე და „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გადავფურცლე, შავთვალება მალალოც გავიცანი და ბევრი სხვაც.

ეს სხვა ლაპარაკია. მას ძნელად გავწვდები. ამ სამყაროს ვერ აღწერ და არც უნდა ეცადო. ეს სამყარო ოთარ ჭილაძის სამყაროა, ალბათ ყველაზე უფრო ხელით ნაკეთი იმ სამყაროთაგან, ქართველ რომანისტებს რომ შეუქმნიათ.

ახლა ვფიქრობ, რომ ის კაცი, შავთვალება მალალოს რომ ადღეგრძელებდა იმ ჩემთვის ბუნდოვან სუფრაზე, სულაც არ იყო დიდი მკითხველი და ეგებ ოთარ ჭილაძისა არც პოეზია ეკითხა და არც რომანები. ერთი კარგი მოქეიფე კაცი იყო.

წიგნის იდუმალებაც ეს არის: იმ ხელით ნაკეთი სამყაროს სულ ერთი ციცქნა ნამტვრევი იდუმალი გზებით მოხვდა კაცის გულში და ისე დატრიალდა იქ, რომ ის მოქეიფე ვერ იშორებდა ამ სახელს და არც უნდოდა, რომ მოეშორებინა.

ბატონი ოთარისთვის ეს ამბავი არასდროს მომიყოლია. თუნდაც იმიტომ, რომ მას ერთადერთხელ შევხვედრივარ და მაშინაც, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, რატომღაც კრივზე ვლაპარაკობდით. ან ეგებ იმიტომ, რომ ეს ამბავი ჩემთვის ასჯერ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისთვის, სამყაროების ნამდვილი შემქმნელისთვის.


მცდელობა (არჩილ ქიქოძე)

მე ასე მახსოვს, რომ უილიამ ფოლკნერი თავის ყოველ რომანს დამარცხებას უწოდებდა, ერთ მათგანს კი, რომელსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანად თვლიდა,
ყველაზე დიდ დამარცხებას. რატომღაც მგონია, რომ ეს არ იყო უბრალო პოზა. ამხელა ყალიბის ადამიანებს ისეთი მიზნები აქვთ, ისეთ დიდ თევზზე ნადირობენ, ისეთი დაუნდობლები არიან საკუთარი თავის მიმართ, რომ შეუძლებელია, მათი ყოველი რომანი, ყოველი მცდელობა მარცხით არ დამთავრდეს, ოღონდ ეს ყველაზე მაგარი დამარცხებაა, რაც კი შეიძლება ინატროს ადამიანმა. ასე ბევრჯერ დამარცხებული მგონია ოთარ ჭილაძეც, რომლის ჩვენ გვერდით ცხოვრება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ამ ქვეყნიდან წასვლა. ის იყო მწერალი და, როგორი ბედნიერებაა, რომ მასზე ვერავინ იტყოდა ბითურ სიტყვას „ცნობადი სახე“. მე მას არ ვიცნობდი, დიდი ხანი არც კი ვიცოდი, როგორი იყო, სანამ ჯერ თიკანაძის გადაღებულ პორტრეტს ვნახავდი, შემდეგ კი უკვე ასაკოვანს ტელევიზორში მოვკრავდი თვალს. მე ის ქუჩაშიც კი არასოდეს დამინახავს, თუმცა ხშირად მომგონებია, რომ ისიც ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში ცხოვრობდა. დროის რაღაც მონაკვეთში, რომელიც სულ მცირეა იმ მარადისობასთან შედარებით, რომელშიც ჯერ მისმა წიგნებმა, ახლა კი უკვე თავად მწერალმაც შეაბიჯა, მე მისი თანამედროვე ვიყავი.

სამწუხაროდ ერთი რამე ნამდვილად ვიცი, რომ დიდ მწერლებსაც და მათ დიდ დამარცხებებს – მათ საუკეთესო წიგნებსაც კი არ შეუძლიათ უვარგისი ადამიანის გამოსწორება, ვერაფერზე აუხელენ თვალს იმას, ვისაც არ უნდა თვალხილული იყოს, ბრმების გუნდი ისევ გადაიჩეხება უფსკრულში და თითქმის არაფერი შეიცვლება ამ უკუღმართ სამყაროში, მაგრამ მწერალი მაინც წერს იმიტომ, რომ სტკივა ბრმაც და საკუთარი თავიც; იმიტომ, რომ მცდელობაა მთავარი, ამ მცდელობის გარეშე არაფერს, საერთოდ არაფერს ექნება აზრი. ასე მგონია, რომ ოთარ ჭილაძის მცდელობა, ყველა მის თანამედროვესთან შედარებით, ყველაზე დიდი, ყველაზე თავგანწირული იყო და მაშინაც კი, როდესაც საკუთარი თავი გამომიჭერია იმაში, რომ მის რომელიმე აზრს არ დავთანხმებივარ, არასოდეს დამვიწყებიია, ვისთან და რამხელა მცდელობასთან მქონდა საქმე.

კიდევ ვფიქრობ იმაზე, რომ მსოფლიო ლიტერატურაში ალბათ არც მეგულება რამე ისეთი იმედიანი, როგორიცაა დასასრული რომანისა „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“. ცალხელა ალექსანდრე და პატარა მართა რომ მიაბიჯებენ შინისკენ და, ალბათ, როგორი ბედნიერი იყო მწერალი, როგორი მაგარი იყო, როდესაც ამხელა წიგნს, ამხელა ტკივილის ამბავს ისე ასრულებდა, რომ იმედს გვიტოვებდა ყველას...არაფერია იმედიან ფინალზე უკეთესი, გინდა რომანის და გინდა სიცოხლის...“...ცალხელა კაცს მეტი არც მოეთხოვება“.

გამოწვევა (ბესო ხვედელიძე)

ახლა რომ ვუფიქრდები, პირველი სერიოზული ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც მე წავიკითხე – „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ იყო. ქართულად მოფიქრებული, დაწერილი...და ალბათ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიძგი და ერთგვარი გამოწვევა.

მერე ერთხელ დედაჩემმა მითხრა: - ასე ფიქრი და წერა რომ შეეძლოს ყველას, საქართველო ყველაზე მაგარი ქვეყანა იქნებოდაო. მე ეს მახსოვს და რა დამავიწყებს...

ფარნაოზს სალამი – პირველ ზემოდან გადმომხტარ პერსონაჟს ქართულ ლიტერატურაში!


ოთარ ჭილაძის მოცემული პირობა (მალხაზ ხარბედია)

ბოლო დღეებია სულ ამ სიტყვებს ვიმეორებ: „და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი და მაინც შენი გზის ავაზაკი“.

არც კი მინდა ფიქრი იმაზე, თუ რატომ მიზიდავს და მაბრუებს ასე ეს სტრიქონები. კომენტარსა და ტექსტის ანალიზსაც გავურბივარ, მისი საიდუმლოს ამოცნობა მაშინებს, ვუსმენ მხოლოდ საკუთარ ხმას, გულში ან ხმამაღლა ნათქვამ სიტყვებს: „და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი და მაინც
შენი გზის ავაზაკი“.

ოთარ ჭილაძესთან ბევრი გზაა (ოღონდ გასავლელი მხოლოდ ერთია, ერთადერთი), გზაზე მარტონი მიდიან, გზად იღლებიან, გზაში ტვირთს იხსნიან, ან შუა გზიდან ბრუნდებიან, გზაში ყოველთვის არჩევანს აკეთებენ, გზა ხან გაიხსნება, ხან შეიკვრება, მომსვლელები მოდიან, წამსველელები მიდიან:

„მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი“.

ბოლო ფურცელიც შეივსო, სიმარტოვეც, უსასრულო რომ გვეგონა, ამოიწურა, დასრულდა გზა, სავსე ფორიაქით და დუმილით, თავგადასავლებით და კარჩაკეტილობით. ბოლო დღეების მანძილზე ამ ლექსსაც ვიზეპირებდი (რომელიც პოეტმა გალაკტიონს მიუძღვნა), მაგრამ მაინც ვერ დავიზეპირე. შეუძლებელია დაიზეპირო ყველაზე მთავარი, მან მხოლოდ უნდა გაიელვოს:

„ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,
მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.
მე ვფხიზლდებოდი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.
მე აღარ მახსოვს, რა მოხდა ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებს
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.
და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.
ქუჩებში წვიმდა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჟღენთილ სიკვდილის გვერდით“.

ეს ბოლო სტროფიც ისეთივე მიმზიდველი და გამაბრუებელია, როგორც თავში დამოწმებული სტრიქონები, მაგრამ აქაც, მირჩევნია ნისლოვანება დავტოვო, ვიდრე მკვეთრად დავინახო მისი აზრი.

ოთარ ჭილაძის მაგალითი ყველას გვამხნევებდა. მისი საყვედური მართალი იყო, მისი ჟინი სანიმუშო (სხვებსაც ასეთ ჟინიანებად გვაჩვენებდა): „ჩვენ, მწერლები, ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც <...> ხელს კი არ ვიღებთ უაზრო და უმადურ შრომაზე, ყოველი მორიგი მარცხის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ჟინითა და მონდომებით ვერთვებით ამ აზარტულ თამაშში, და თქვენც, ჩვენი მკითხველები და ლიტერატურის მოყვარულნი, კიდევ უფრო დიდი ინტერესით ადევნებთ თვალს, რომელი ჩვენთაგანი ვერ შეძლებს, კიდევ ერთხელ, არარსებული ლოდის ათრევას არარსებულ მწვერვალზე“.

იგი არარსებულს, ანდა ღრუბელს ეძახდა იმას, რასაც ქმნიდა, მისთვის მთავარი თავად ღრუბელი იყო, და არა ის, ნელა იცვლებოდა იგი თუ სწრაფად, საავდრო იყო თუ კარგი ამინდის მაუწყებელი. ერთ-ერთ საუბარში სისულელეც კი უწოდა მწერლობას და დასძინა: „როცა ქვეყანაში, თუნდაც არასერიოზულად იკითხავენ, გვჭირდება თუ არა მწერლობაო, არათუ მწერლობა, ყველაფერი სისულელეა”. ასეთი არასერიოზულობა დღეს ჩვენს ქვეყანას შავი ღრუბელივით ადგას თავზე.

ზემოთ დამარცხება და ტვირთისგან გათავისუფლება ვახსენე. ოთარ ჭილაძეც სწორედ ასეთი დამარცხებიდან იწყებდა ყველაფერს, ეს იყო მისი ე.წ. „ნეგატიური თეოლოგია“, არსებობის სათავე, გონების დემარში სიცხადის წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე მთავარის გამოუთქმელობით აღწევდა მთავარს. ალბათ აქაა მისი მრავალშრიანი, მეტაფორებით სავსე პროზაული ენის საიდუმლოც. სანიმუშოდ, თუნდაც მისი ინტერვიუები წაიკითხეთ. არც ერთი მათგანი არაა საუბრის ჩანაწერი. ასე, ალბათ პლატონი წერდა თავის დიალოგებს.

ერთ-ერთ ასეთ, 1993 წელს, აფხაზეთის ომის შემდეგ დაწერილ დიალოგში ამბობდა ოთარ ჭილაძე: „ყველაზე მძაფრად ახლა ვგრძნობ იმ ადამიანების სიდიადეს, რომლებმაც თავიანთი წილი სიცოცხლე იმყოფინეს მიზნის მისაღწევად“. რაც დრო გადის, მით უფრო მატულობს სხვების სიცოცხლის ხარჯზე გაძლიერებული პარაზიტების რიცხვი, რომლებიც ყოველ სეზონზე თითო პატარა მიზანს აღწევენ, და ამიტომაც, „ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, აღმა მივდივართ თუ დაღმა, ვიღვიძებთ თუ გვესიზმრება გამოღვიძება“. და ამ სიზმარ-ცხადში წავიდა კაცი, რომელიც ერთი ტელეარხისთვის „რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატია“, მეორესთვის „დიდი ქართველი კლასიკოსი“, მესამესთვის „ნობელის ლაურეატობის ნომინანტი“.

ოთარ ჭილაძის გზა დასრულდა. და რა უნდა დაიწყოს, რა უნდა დავიწყოთ ჩვენ ამ დიდი გზის დასრულების შემდეგ? ალბათ უნდა დავიწყოთ ფიქრი ჩვენს შეცდომებზე, უმწიფარობაზე, უვიცობაზე, უწვრთნელობაზე და უგემოვნებაზე, ლეგენდებზე და ცრურწმენებზე, ცრუკერპებსა და ცრუ იმედებზე, სიმართლეზე, სიმწარეზე, შხამზე, შფოთვაზე, მტრობაზე, დაპირისპირებებზე, ანგარიშსწორებაზე, ღირსეულთა დაკნინებასა და უღირსთა განდიდებაზე, მონობაზე, მხედრის ულუფაზე და მონის სალაფავზე, ოცნებებსა და იმედგაცრუებებზე, მიზანზე და მიზნის მიუღწევლობაზე, სიძულვილზე, ცილისწამებებზე, ცოდვებზე, სიამაყეზე და სასჯელზე. ჩვენ უნდა შევიძრათ და შევწუხდეთ, და რაც მთავარია, უნდა გავარკვიოთ, თუ რატომ იქცა ჩვენი ეროვნული უბედურება ეროვნულ დანაშაულად, ბოლო-ბოლო დაჩაგრულები ვართ თუ მჩაგვრელები? აბუჩად აგდებულნი თუ აბუჩად ამგდებნი?

ყველა ეს კითხვა ოთარ ჭილაძისგან მივიღეთ მემკვიდრეობით, და კიდევ: „პირობას გაძლევთ, პრობლემები არ დაგველევა, ვიდრე ვიცოცხლებთ, ვიდრე ვიცხოვრებთ, ვიდრე გონი შეგვრჩება და, რაც მთავარია, ვიდრე ბრძოლის თავი და სურვილი გვექნება“.


მოკლე ესსე გათავისუფლებული შემოქმედების პერსპექტივაზე (დავით ქართველიშვილი)

1.
ავტორის გარდაცვალება ტექსტებს საბოლოოდ ათავისუფლებს მისი პიროვნული ზეწოლისგან. დღეიდან ოთარ ჭილაძის შემოქმედების უკან აღარ დგას ხორცშესხმული პიროვნება, ეს სრულიად ახალი რეალობაა და გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი ოთარის პირადი ცხოვრება მოკლებული იყო ყოველგვარ ეპატაჟს და იაფფასიან სკანდალებს, და საკუთარი პიროვნების გადარჩენისკენ (თანამედროვე სამყაროში ეს გმირობის ერთადერთი შესაძლებელი სახეობაა) იყო მიმართული, დღეს ეს ტექსტები თავისთავად იწყებენ არსებობას, ყოველგვარი ბოჰემური ფსევდომითებისა და ლეგენდების გარეშე, რადგან საკუთარი პიროვნების გადარჩენისკენ მიმართული ცხოვრება ჩვენს მდარე დროში პუბლიკისთვის საინტერესო არ არის.

2.
მე საერთოდ ძალიან დიდი ეჭვი მეპარება იმაში, რომ კაცობრიობა წინ მიდის, რადგან ჩემს თვალწინ ბევრი ნამდვილი რამ დავიწყებას მიეცა და ეძლევა, კულტურა ჩაანაცვლა ფსევდოკულტურამ, ტრადიციები
ფსევდოტრადიციებმა, რელიგია - ფსევდორელიგიამ და ა.შ.

როგორია ოთარ ჭილაძის შემოქმედების პერსპექტივა ასეთ ვითარებაში? რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ გავცემ, რადგან სამყაროში არსებობს სასწაულის ფენომენი, ყოველშემთხვევაში, სასწაულის მოხდენის მოლოდინი ნამდვილად არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით ჩემი მსჯელობის შესაძლებლობა უკიდურესად შეზღუდულია, განსხვავებით ლოგიკური ანალიზისაგან, აქ ცოტა უფრო თავდაჯერებული ვარ.

3.
უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ბრბო დაიხვეწა, ისინი (თუ ის?) აქტიურად აღარ ებრძვიან მათთვის გაუგებარ მოვლენებს, არამედ უბრალოდ მათ იგნორირებას ახდენენ (თუ ახდენს?).

ოთარ ჭილაძის შემოქმედება არ არის მასისთვის მისაღები ღირებულებების მატარებელი, ეს აშკარაა, თუმცა ამავე დროს ეს ტექსტები მოკლებულნი არიან ყოველგვარ ფსევდოარისტოკრატიზმს. ოთარ ჭილაძის წიგნები ინდივიდებთან ურთიერთობის დამყარების მაღალმხატვრული (ზოგჯერ გენიალური) მცდელობაა, ამ შემთხვებვაში განსაკუთრებით მინდა გამოვყო მისი ბოლო ორი რომანი: „აველუმი” და „გოდორი”, რომლებიც უკვე ფსევდოკულტურის გაფურჩქვნის ეპოქაში გამოქვეყნდა და შეიძლება ითქვას, რომ არცერთი მათგანი საქართველოში დღემდე ღირსეულად წაკითხული და გაანალიზებული არ არის.

4.
რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და ნამდვილი ლიტერატურის გვჯერა? ჩვენი მცდარი განწყობებიდან გამომდინარე, მასის და ფსევდოკულტურის გამარჯვების არაღიარებით
საერთოდ არაფრის, ალბათ უკვე დროა, ვაღიაროთ ჩვენს ირგვლივ არსებული ფსევდოსამყარო და ამ ფსევდოსამყაროში დავიწყოთ ოაზისების შექმნა, ოთარ ჭილაძის შემოქმედება ერთერთი ასეთი დიდი ოაზისია.

განვითარება აღიარებით იწყება.


ვრცელი ტექსტი იხილეთ "ლიტერატურული გაზეთის" N12 გამოცემაში.