საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა აცხადებს კონკურსს "პეტრე ოცხელის პრემიაზე"
პროექტის შესახებ
„პეტრე ოცხელის პრემია“ წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს სახვითი ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა და არსებული მხატვრული ტენდენციების გამოვლენა. პროექტის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს მასშტაბური ჯგუფური გამოფენა ეროვნულ გალერეაში. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან მხატვარს. კონკურსი სამ ეტაპად განხორციელდება. გამარჯვებული ფინალისტებისთვის გათვალისწინებულია ფულადი პრემია.
ნომინაციები:
1. წლის საუკეთესო მხატვარი - პრიზი 5000ლარი
2. წლის აღმოჩენა/30 წლამდე მხატვარი/ - პრიზი 3000 ლარი
3. წლის საუკეთესო მულტიმედიური პროექტი - პრიზი 3000 ლარი
კონკურსის პირობები და პროცედურები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან მხატვარს, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქის სტატუსი და ამჟამად მოღვაწეობს საქართველოში;
- შეზღუდულია მხოლოდ მე–2 ნომინაციაში მონაწილეობის მსურველთა მიღების ასაკი /30 წლამდე/ განაცხადის მიღების მომენტში;
- შესარჩევად მიიღება მხოლოდ დასრულებული ნამუშევრები (ესკიზები და დაუსრულებელი პროექტები არ განიხილება);
- შესარჩევად წარმოდგენილი ნამუშევრების რაოდენობა რეგლამენტირებულია თითოეული ნომინაციისთვის:
- წლის მხატვარი: 3 ნამუშევარი
- წლის აღმოჩენა: 3 ნამუშევარი
- წლის მულტიმედიური პროექტი: 2 პროექტი
ჟიური
კონკურსის ჟიურის წევრების ვინაობა ანონიმურია. ქართველ პროფესიონალებთან ერთად გათვალისწინებულია საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობაც.
შერჩევის პროცესი
კონკურსი განხორციელდება 3 ეტაპად:
I ეტაპი
ელექტრონული ფოსტით შემოსული განაცხადები თავს იყრის დახურულ ელექტრონულ ბაზაში, რომელიც გადაეცემა ჟიურის თითოეულ წევრს /ელექტრონული ფოსტით არ მიიღება მხოლოდ ვიდეო-მასალა/. ჟიური თითოეულ ნამუშევარს შეაფასებს 10–ბალიანი სისტემით. მიღებული შედეგების საფუძველზე შედგება გამოფენაში მონაწილე ავტორთა სია.
თითოეულ ნომინაციაზე წარდგენილ მხატვართა რიცხვი წინასწარ არის განსაზღვრული:
- წლის საუკეთესო მხატვარი - ჟიური შეარჩევს 50 მხატვარს;
- წლის აღმოჩენა - ჟიური შეარჩევს 5 მხატვარს;
- წლის საუკეთესო მულტიმედიური პროექტი - ჟიური შეარჩევს 5 პროექტს.
პირველ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას ეროვნულ გალერეაში ორგანიზებულ გამოფენაში.
II ეტაპი
მეორე ეტაპი ხორციელდება გამოფენის რეჟიმში. ნამუშევრები ისევ 10–ბალიანი სისტემით შეფასდება. ამ ეტაპზე შეფასებაში ჩაერთვებიან გამოფენის დამთვალიერებლებიც. ამდენად ფინალისტების გამოვლენა მოხდება ჟიურის და საზოგადოების ქულების დაჯამებით.
გამოფენის მონაწილეებიდან გამოიკვეთება 9 ფინალისტი: 3–3 თითო ნომინაციაში.
III ეტაპი
მესამე ეტაპი მოიცავს გამარჯვებულების გამოვლენას და დაჯილდოების ცერემონიას.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს პირობების გაცნობას, დაცვას და გაზიარებას. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.
მითითებები:
1. განაცხადის შემოტანის უფლება აქვს ავტორს და ავტორის ნებართვით მესამე პირს;
2. მონაწილეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ ნამუშევრები მხოლოდ ერთ ნომინაციაზე;
3. კონკურსში შესარჩევად მიიღება მხოლოდ 2010–2012 წლებში შექმნილი ნამუშევრები.
დამატებითი ინფორმაცია:
ნომინაცია "წლის მხატვარი" - მხატვარს მასალისა და თემის არჩევანის სრული თავისუფლება ეძლევა, შეზღუდულია მხოლოდ ზომები. მაქსიმალური ზომა 150X150 სმ.
ნომინაცია "წლის მულტიმედიური პროექტი" - ინსტალაცია შესაძლებელია შესრულებული იყოს ნებისმიერ ორგანულ და არაორგანულ მასალაში. მაქსიმალური ზომები – 150/150/150. ფინალისტების სიაში მოხვედრილი ინსტალაციის ავტორი ვალდებულია უხელმძღვანელოს ინსტალაციის მონტაჟს და უზრუნველყოს საჭირო ტექნიკური საშუალებები.
ნებისმიერი მოძრავი/ვიდეო გამოსახულება მოგვაწოდეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის DVD ფორმატში.
კონკურსის სააპლიკაციო ფორმები:
განაცხადები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ინფორმაციის გავრცელების დღიდან ამა წლის 30 ნოემბრამდე (თავდაპირველად გამოცხადებული 10 ნოემბრის ნაცვლად) ნოემბრამდე, მისამართზე: otskheli.award@gmail.com
მულტიმედიური პროექტის შემთხვევაში, გთხოვთ, მასალა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 215 –73 –00
"პეტრე ოცხელის პრემიის" შესახებ ინფორმაციას ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალზე.