ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი
23/05/2012
22 მაისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიხსნა.

რიგით მეორე ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი ქართველი და უცხოელი გამომცემლების, მთარგმნელებისა და მწერლებისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, თბილისის XIV წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს.

ფორუმ-დიალოგში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ესტუმრა 17 უცხოელი სტუმარი, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან, თურქეთიდან, შვეიცარიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან და შვედეთიდან. საპატიო სტუმრის რანგში ლიტერატურულ ფორუმ-დიალოგს დაესწრება ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი, რომელიც პირველად ჩამოდის საქრთველოში და ქართველ გამომცემლებთან სპეციალური შეხვედრების გამართვას გეგმავს.

ფორუმ-დიალოგის მიზანია ხელი შეუწყოს როგორც უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში, ასევე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ახალი კონტაქტების დამყარებას ქართულ და უცხოურ გამომცემლობებს შორის. ფორუმის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები საგამომცემლო და ლიტერატურულ სფეროში.

24 მაისს იგეგმება უცხოელი სტუმრების ვიზიტი თბილისის XIV წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე.