ალექსანდრე მარგიშვილი დაიბადა 1975 წლის 29 სექტემბერს.

1996-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობის მართვისა და ორგანიზაციის სპეციალობით (ბაკალავრი), ხოლო 2000-2002 ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მართვის, მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტზე (მაგისტრი).

2000-2005 წლებში მუშაობდა „პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის“ (CERMA) ჯგუფის უფროსად, 2005-2007 წლებში კი - ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად.

ალექსანდრე მარგიშვილი 2007 წელს დაინიშნა სს „თიბისი ბანკის“ პროექტების ფინანსირების, კორპორატიული დაკრედიტების ჯგუფის უფროსად, 2008 წლიდან სს „სახალხო ბანკის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ მუშაობა გააგრძელა შპს „სახალხო ფოსტის“ გენერალურ დირექტორად. 2009-2010 წლებში დაიკავა შპს „პოლიტიკისა და მენეჯმენტის კონსალტინგ-ჯგუფის“ მმართველი დირექტორის, 2010 წლიდან კი არასამთავრობო ორგანიზაცია „ICEBERG“-ის თავმჯდომარის პოზიცია.

ალექსანდრე მარგიშვილი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) არსებული თბილისის პიარ სკოლის ლექტორია. ატარებს სასწავლო კურსებსა და თრეინინგ-სესიებს მარკეტინგის მენეჯმენტის, პროექტების მართვისა და სტრატეგიული მენეჯმენტის სფეროში.

2012 წლის 30 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.