პროექტები

საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა – "ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამა”

1. ზოგადი ინფორმაცია

პროგრამა შემუშავებულია საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის  სამინისტროს მიერ, საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ,,ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის” საფუძველზე.
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ,,საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით ამ პროგრამაზე განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში (ორგანიზაციული კოდი 33.02).
პროგრამა ემსახურება ქართული ფოლკლორის გადარჩენას, აუთენტურობის დაცვასა და მისი ძირძველი კერების აღორძინებას, ხალხური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას ქვეყნის რეგიონებსა და საერთაშორისო ასპარეზზე. 

2. პროგრამის განხორციელების ფონი

პრობლემათა განსაზღვრა
ხალხური ხელოვნების გადარჩენისა და განვითარების გზაზე მრავალი საორგანიზაციო, მმართველობითი, საგანმანათლებლო, ფინანსური სახის საკითხია მოსაწესრიგებელი. ხალხური ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა. ის წარმოადგენს ,,ხალხის ცოდნის”, უნარისა და შემოქმედებითი ნიჭის გამოხატულების შედეგად შექმნილ პროდუქტს, რესურსებს, სივრცესა და სოციალური და ბუნებრივი კონტექსტების სხვა ასპექტებს.  

ცალკეული სპეციალისტების, არასამთავრობო თუ სხვა ორგანიზაციების დაინტერესება სასიმღერო, საშემსრულებლო-სანახაობითი ფოლკლორით დღემდე ფრაგმენტულ ხასიათს ატარებდა. არ არსებობდა სრული, კოორდინირებული ინფორმაცია საქართველოს არამატერიალური მემკვიდრეობის ჯერ კიდევ შემორჩენილი კერების შესახებ.

ხალხური ხელოვნების, მათ შორის სასიმღერო, საკრავიერი და ქორეოგრაფიული ხელოვნების ძირძველი დარგების დაკნინებისა და თანდათანობითი გაქრობის პროცესი ბოლო პერიოდამდე ნაწილობრივ, მძიმე თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობითაც აიხსნებოდა. გასაღების ბაზრის ძიებაში იკარგებოდა ტრადიციული, ღირებული, მაღალმხატვრული ხელოვნება, მის ადგილს იკავებდა იაფფასიანი,    ფართო   მოხმარების    საგნად    ქცეული    პროდუქცია, რომელიც   მოკლებული იყო აუთენტურობას, მემკვიდრეობითობას, რეალურ ღირებულებას და განიცდიდა სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნილების ზეგავლენას.   დაკარგვის პირას იყო მისული ხალხური ხელოვნების სხვადასხვა დარგის სწავლების ტრადიციული მეთოდოლოგია, მისი შესრულების ტექნიკა ფოლკლორის, როგორც მემკვიდრეობის, საგანძურის, სამუზეუმო ექსპონატის მიმართ დამოკიდებულება დამკვიდრების პროცესშია.   კრიტიკას ვერ უძლებდა ფოლკლორული კოლექტივების სამოსი, მოძველებული და უმეტესად გამოუსადეგარი საკრავები.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წინამდებარე მიზნობრივი პროგრამა მიმართა სწორედ მიმოხილულ უარყოფით ტენდენციათა აღმოფხვრისაკენ.