ნებართვები

საქართველოდან კულტურულ ფასეულობათა გატანის ნებართვა

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვას გასცემს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების სამსახური.

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვა წარმოადგენს ამ ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გადატანის საფუძველს.

საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის ერთიანი ფორმა. ნებართვა ერთჯერადია და მისი მოქმედების ვადაა 3 თვე. განცხადებას კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ნებართვის მისაღებად წარადგენს ამ ფასეულობის მესაკუთრე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
ნებართვის გაცემა რეგულირდება საქართველოს კანონით "კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ". აღნიშნული კანონის თანახმად, ნებართვა გაიცემა შემდეგ ნიმუშებზე:
1. ნებისმიერი მასალით ხელით შესრულებულ ტილოზე, სურათზე, ნახატსა (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშზე
2. ორიგინალურ გრავიურაზე, ესტამპსა და ლითოგრაფიაზე
3. ნებისმიერი მასალისაგან დამზადებულ ორიგინალურ მხატვრულ შენარჩევსა და მონტაჟზე

4. იშვიათ ხელნაწერზე და ინკუნაბულაზე, ძველ წიგნზე, გუჯარსა და გამოცემაზე, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს (ისტორიულ, მხატვრულ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და სხვ.) იწვევენ ცალ-ცალკე და კოლექციად

5. არქეოლოგიურ აღმოჩენაზე
6. მხატვრული, ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლების ფრაგმენტებზე
7. ეთნოგრაფიულ მასალაზე
8. ფლორისა და ფაუნის, მინერალოგიისა და პალეონტოლოგიისათვის საინტერესო იშვიათ კოლექციებსა და ნიმუშებზე
9. ღირებულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიასთან, მათ შორის, მეცნიერებისა და ტექნიკის, ომებისა და საზოგადოების ისტორიასთან, აგრეთვე ეროვნულ მოღვაწეთა, მეცნიერთა, ხელოვანთა და სპორტსმენთა ცხოვრებასთან და დიდმნიშვნელოვან ეროვნულ ფაქტებთან
10. 100 წელზე მეტი ხნის წარწერაზე, მონეტასა და ბეჭედზე
11. მიმოქცევიდან ამოღებულ საფოსტო მარკაზე, საგადასახადო და ანალოგიურ მარკაზე ცალ-ცალკე ან კოლექციად
12. არქივზე, მათ შორის ფონო, ფოტო და კინოარქივზე
13. 100 წელზე მეტი ხნის ავეჯსა და ძველებურ მუსიკალურ საკრავზე

კულტურული ფასეულობის მესაკუთრემ ნებართვის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• გასატანად გამზადებული ნიმუში (ან ნიმუშები)
• გასატანად გამზადებული თითოეული ნიმუშის 3 ფერადი ფოტო, ზომით 9X13-ზე
• გამტანის საპასპორტო მონაცემები
• სანებართვო მოსაკრებლის ქვითარი გამტანმა საქართველოს ნებისმიერ ბანკში უნდა გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი 14 ლარი, შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები: სახელმწიფო ხაზინა
შემოსავლის ანგარიში: 200122900
ძველი თბილისი
220101222 კულტურის სამინისტრო
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851126
სანებართვო მოსაკრებელი: 14 ლარი
(კოდი 300773100)

ნებართვა არ გაიცემა თანამედროვე სუვენირული ხასიათის ნაკეთობაზე, აგრეთვე სერიული და მასობრივი წარმოების კულტურული დანიშნულების ნივთზე. ასეთ შემთხვევაში სამინისტრო გასცემს წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნივთი (ან ნივთები) არ განეკუთვნება კულტურულ ფასეულობათა კატეგორიას. წერილის მისაღებად განმცხადებელმა არ უნდა გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი და ვალდებულია წარმოადგინოს:
• გასატანად გამზადებული ნიმუში (ან ნიმუშები)
• გასატანად გამზადებული თითოეული ნიმუშის 3 ფერადი ფოტო, ზომით 9X13-ზე
• გამტანის საპასპორტო მონაცემები

თუ კულტურული ფასეულობა ძველია, მისი საზღვარგარეთ გატანის მიზანშეწონილობის საკითხს იხილავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს კულტურულ ფასეულობათა და მოძრავ ძეგლთა კომისია, რომელიც იკრიბება კვირაში ერთხელ - ოთხშაბათობით, 12 საათზე. მესაკუთრე 11 სთ-დან 12 სთ-მდე ვალდებულია გამოცხადდეს სამინისტროში, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს კულტურული ფასეულობა და შემდეგი დოკუმენტაცია:
• გასატანად გამზადებული ნიმუში (ან ნიმუშები)
• გასატანად გამზადებული თითოეული ნიმუშის 3 ფერადი ფოტო, ზომით 9X13-ზე
• გამტანის საპასპორტო მონაცემები
• სანებართვო მოსაკრებლის ქვითარი გამტანმა საქართველოს ნებისმიერ ბანკში უნდა გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი 14 ლარი, შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები: სახელმწიფო ხაზინა
შემოსავლის ანგარიში: 200122900
ძველი თბილისი
220101222 კულტურის სამინისტრო
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851126
სანებართვო მოსაკრებელი: 14 ლარი
(კოდი 300773100)

კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების
კოორდინაციისა და ნებართვების სამსახურის საკონტაქტო ტელეფონი: 299 85 21